საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა. საარჩევნო პროცესმა მშვიდ გარემოში ჩაიარა და არჩევნები შესაბამისი პროცედურების დაცვით ჩატარდა.
ავღანეთში ორი საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა საკუთარი არჩევანი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გააკეთეს, სადაც საარჩევნო უბანი დილის 8 საათზე გაიხსნა.
II ქვეითი ბრიგადის ნაკრებმა ასეულმა მოქალაქეობრივი ვალი მაზარ-ი-შარიფში, გერმანულ ბაზა „მარმალზე“ გახსნილ საარჩევნო უბანზე მოიხადა. ქაბულში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბ-ბინაში დისლოცირებულმა IV მექანიზირებული ბრიგადის გაძლიერებულმა ასეულმა კი, საპრეზიდენტო არჩევნებში, როგორც ბაგრამის საარჩევნო უბნის ამომრჩევლებმა, გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით მიიღეს მონაწილეობა.
საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, ყუთები დაილუქა და ცესკო-ს თანამშრომლებმა ის საქართველოში ჩამოიტანეს.
ხმებს კომისიაში დღეს დაითვლიან.