საქართველოს საკითხზე მოსმენა დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ლორდთა პალატაში გაიმართა
„როგორ უზრუნველვყოთ, რომ რუსეთმა პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან“- ამ სახელწოდებით საქართველოს საკითხზე მოსმენა დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ლორდთა პალატაში პირველად გაიმართა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ლორდების შეკითხვებს სახელმწიფო მინისტრი აჰმად უიმბლდონი პასუხობდა. უიმბლდონმა ლორდთა პალატაში განაცხადა, რომ ბრიტანეთის მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის ინტერვენცია შეჩერდეს.
მისივე თქმით, გაერთიანებული სამეფო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ამასთან, დიდი ბრიტანეთი საქართველოში დემოკრატიის განვითარებისთვის დამატებით 5.5 მილიონ გირვანქა სტერლინგს გამოყოფს.
დიდი ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის ოფისის თანამეგობრობისა და გაერო-ს საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების შეხვედრას, სადაც, მისი თქმით, საქართველოში დემოკრატიული რეფორმების გატარების საქმეში ბრიტანეთის დახმარების პერსპექტივები განიხილეს.