საქართველოს პროკურატურა ადეიშვილის გადმოცემას ითხოვს

საქართველოს გენერალური პროკურატურა ნიდერლანდების შესაბამის უწყებებს ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოსთვის გადმოცემის თხოვნით მიმართავს.

ზურაბ ადეიშვილი ჰააგაში უკრაინის დელეგაციასთან ერთად იმყოფება. ნიდერლანდები მასპინძლობს საერთაშორისო კონფერენციას, სახელწოდებით „სამართლიანობის აღდგენა უკრაინისთვის“. ზურაბ ადეიშვილი კონფერენციაზე უკრაინის გენერალურ პროკურორთან, ანდრეი კოსტინთან ერთად მივიდა. მასთან ერთად შეხვდა ასევე ნიდერლანდების იუსტიციის მინისტრს. საქართველში სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეზე ბრალდებული ადეიშვილი ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა ბუნდესტაგსა და ევროპარლამენტში. ზურაბ ადეიშვილმა საქართველო 2012 წელს დატოვა.

„საქართველოს პროკურატურა, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ყველა კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებას ახორციელებს საქართველოში დანაშაულის ჩამდენი პირების ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარსადგენად, მიუხედავად მათი ადგილსამყოფელისა. აღნიშნულ შემთხვევაშიც, საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, პროკურატურამ მიმართა ჰოლანდიის კომპეტენტურ უწყებებს ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით“ – აცხადებენ გენერალურ პროკურატურაში.