ომის დაწყების შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საჰაერო თავდასხმა ამჯერად ბუქარესტიდან დაგმო საქართველოს პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილი რუმინეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მეგობრობის და თანამშრომლობის ხელშეკრულება 26 წლის შემდეგ სტრატეგიული პარტნიორობით იცვლება. დღეს ხელმოწერილი დეკლარაციით ორი ქვეყნის ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადადის, რაც თავის მხრივ ევროკავშირის წევრ რუმინეთთან პოლიტიკური დიალოგის გაძლიერებას, საპარლამენტო დონეზე ურთიერთობების გაღრმავებას, სხვადასხვა სფეროში მჭიდრო თანამშრომლობას, ორი ქვეყნის შავი ზღვის პორტებს შორის პირდაპირი საზღვაო მიმოსვლის დაწყებას და სტრატეგიული პროექტების მომზადებას გულისხმობს. საკმაოდ მკაფიო იყო რუმინეთის პრეზიდენტის გზავნილები ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს პერსპექტივასთან დაკავშირებით. ქართულ პოლიტიკურ სპექტრს ამჯერად რუმინეთის პრეზიდენტმა მოუწოდა, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად საჭირო 12 რეკომენდაციის გარშემო ერთად იმუშაონ.
ნათია ქენქაძე მუშაობს ბუქარესტში.