საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტი - შეფასებები

მმართველმა პარტიამ პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგინების შესატანად საჭირო ხმების შეგროვება დაიწყო. საკითხს ოთხშაბათს საპროცედურო საკითხთა კომიტეტი განიხილავს, მოგვიანებით კი, პროცესი საკონსტიტუციო სასამართლოში გადაინაცვლებს. მმართველი გუნდის განცხადებით, პროცესის მიზანია, პრეზიდენტის მხრიდან უზენაესი კანონის 52-ე მუხლის უხეში დარღვევა საკონსტიტუციო სასამართლომ აღიაროს. ხელისუფლებისგან განსხვავებით, იმპიჩმენტს ჯერჯერობით მხარს არ უჭერს ოპოზიცია. მათი განცხადებით, იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება ევროინტეგრაციის პროცესს ეწინააღმდეგება. ამასთან, გუშინ, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილმა პრეზიდენტთან კონსულტაციების გამართვა არ გამორიცხა.