საქართველოს პრეზიდენტი ქალებს ქალთა საერთაშორისო დღეს ულოცავს.
მისალოც ტექსტში გიორგი მარგველაშვილი ქალთა უფლებებზე და ამ კუთხით ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე საუბრობს. მისი თქმით, ქალები განიცდიან უთანასწორო მდგომარეობას, ჩაგვრასა და ზეწოლას, რაც ასუსტებს საზოგადოებას. ამასთან, შემაშფოთებელია საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან ძალადობის გამართლება.
პრეზიდენტი მხარს უჭერს ქალთა სავალდებულო კვოტირების იდეას, რათა გაიზარდოს ქალთა მონაწილეობა არჩევით ორგანოებში და იმედს გამოთქვამს, რომ არსებული კანონპროექტი მალე კანონად გადაიქცევა:
როდესაც მოსახლეობის ნახევარზე მეტი ქალია, უბრალოდ, უსამართლოა წარმომადგენლობით ორგანოებში ისინი იყვნენ მკვეთრ უმცირესობაში. სახელმწიფომ და საზოგადოებამ ხელი უნდა შეუწყოს მათ ამ საქმეში, არამხოლოდ კვოტირებით, არამედ ისეთი ღონისძიებებით, რაც გულისხმობს ძალადობის წინააღმდეგ ეფექტურ ბრძოლას, რათა ძალადობამ არ შეაჩეროს ქალები საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობისგან, – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის მისალოც ტექსტში.