საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად, საქართველოს პრეზიდენტი ევროპელ ლიდერებთან იწყებს შეხვედრებს. სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოს ბერლინში, გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს შეხვდება. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ინფორმაციით, პრეზიდენტს საგარეო ვიზიტებზე მთავრობის თანხმობა არ აქვს და გერმანიაში გამგზავრებით ის არღვევს საქართველოს კონსტიტუციას. მდინარაძის თქმით, მთავრობის უარი საქართველოს პრეზიდენტის ბოლო განცხადებებს უკავშირდება, რომლებიც „ქართულ ოცნებაში“ ანტისახელმწიფოებრივად ფასდება. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია კი განცხადებას ავრცელებს და პრეზიდენტს კონსტიტუციის შესაბამის მუხლებს ახსენებს. ამავე განცხადებაში წერია, რომ პრეზიდენტს გერმანიასთან ერთად ასევე მთავრობის მხრიდან უარი ეთქვა ოფიციალურ ვიზიტებზე, უკრაინაში, შვეიცარიის კონფედერაციაში, პოლონეთის რესპუბლიკაში, ბელგიის სამეფოში, დანიის სამეფოში და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. ბულგარეთის რესპუბლიკაში, ჩეხეთის რესპუბლიკაში და ისრაელის სახელმწიფოში.