ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოლოდინში, საქართველო უნგრეთის უპირობო მხარდაჭერას იღებს.
ბუდაპეშტში პრემიერ ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ქართული დელეგაციის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი დასრულებულია. უნგრეთის პრემიერმა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას და ივნისში საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე უარს დისკრიმინაციული უწოდა და ევროპულ სტრუქტურებში ოფიციალურ თბილისს დახმარების და მხარდაჭერის პირობა მისცა. ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესის და უკრაინაში მიმდინარე ომის განხილვის გარდა, ვიზიტის მთავარი თემა იყო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო ევროპაში შექმნილი ენერგოკრიზისი. საქართველოს გავლით ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების სავარაუდო მარშრუტები ორბანმა ქართველ კოლეგასთან განიხილა და დაადასტურა, რომ ჩვენი ქვეყნის გავლით აზერბაიჯანიდან დენის მიღებაც სურს. სამომავლო ენერგეტიკულ პროექტებზე საუბარი მომავალ წელს თბილისში გაგრძელდება, უნგრეთის პრემიერი საქართველოში აპირებს ჩამოსვლას.