საქართველოს პრემიერი ისრაელში ვიზიტის ფარგლებში იერუსალიმის პატრიარქს შეხვდა.
პატრიარქმა პრემიერს საპატრიარქოში უმასპინძლა. ირაკლი ღარიბაშვილმა და თეოფილე მესამემ საქართველოსა და იერუსალიმის ეკლესიებს შორის არსებულ ისტორიულ კავშირებსა და მსოფლიოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს. ხაზი გაუსვეს მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. „თეოფილე მესამემ პრემიერ-მინისტრს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, ილია მეორესთან გულთბილი მოკითხვა დააბარა. იერუსალიმის პატრიარქმა საქართველოს მთავრობის მეთაური და დელეგაციის წევრები დალოცა და მათ წარმატებები უსურვა“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი, დელეგაციასთან ერთად, იერუსალიმში მაცხოვრის აღდგომის ტაძარში იმყოფებოდა, სადაც მაცხოვრის ყოვლადწმინდა საფლავი და გოლგოთა მოილოცა. ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის პრემიერს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა.