საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში

ქვეყნის ევროინტეგრაციის პერსპექტივა იყო განხილვის მთავარი თემა გაფართოების საკითხებში ევროკომისართან და ბელგიის პრემიერთან ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრაზე. ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს 12 რეკომენდაციის შესრულების დაჩქარებისკენ მოუწოდა და თქვა, რომ მას გულწრფელად წამს, რომ საქართველო შეასრულებს საჭირო პირობებს და ისინი აღნიშნავენ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებას. საქართველოს მხარდაჭერა გამოუცხადეს ბელგიის მთავრობის წევრებმაც. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები შედგა ასევე ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან და ბელგიის წარმომადგენლობითი პალატის პრეზიდენტთან, ელიან ტილიესთან. ბრიუსელში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე პრემიერ-მინისტრმა ევროპელ პარტნიორებს სიტყვით მიმართა.

ბრიუსელში გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიება. საქართველო წელს ასევე პირველად მონაწილეობს სტუმარი ქვეყნის სტატუსით საერთაშორისო ფესტივალში „ევროპალია“, რომელიც მიმდინარე წლის  ოქტომბრიდან 2024 წლის თებერვლამდე გაგრძელდება. ღონისძიებები ბელგიაში და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარდება.  ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ გაეცნონ საქართველოს კულტურულ მრავალფეროვნებას,  მის ტრადიციებს და ხელოვნებას. ქართული სუფრის ტრადიციაზე გაამახვილა ყურადღება ბელგიის სამეფოს საგარეო და ევროპული ურთიერთობების საქმეთა, საგარეო ვაჭრობის და კულტურული ინსტიტუტების მინისტრმა, რომელმაც აღნიშნა, რომ  ეს არის საუკეთესო გზა, რომ ადამიანებმა უკეთ გაიცნონ ერთმანეთი.ჰაჯა ლაჰიბის თქმით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის კავშირი 20 წელია არსებობს და ახლა ეს კავშირი ყველაზე უფრო მჭიდროა.