საქართველოს პირველმა არხმა ახალი შენობის მშენებლობის ტენდერი გამოაცხადა [ვიდეო]
ახალი შენობა პოლიტკოვსკაიას 31 ნომერში იქნება განთავსებული. მშენებლობის ნებართვა პირველმა არხმა ორწლიანი სამუშაოების ჩატარების შედეგად დედაქალაქის მერიის არქიტექტურის სამსახურისგან 28 მაისს მიიღო. ტენდერში მონაწილეობის მსურველ კომპანიებს სატენდერო პირობების გაცნობა შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შეუძლიათ. მშენებლობის ზედამხედველობისთვის პირველმა არხმა, ასევე ტენდერის მეშვეობით დაიქირავა საერთაშორისო პროექტების მართვის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, რეგიონში ლიდერი კომპანია „სიემსი“, რომელიც აქტიურად იქნება ჩართული პროექტის მართვაში. ვინაიდან კოსტავას ქუჩაზე მდებარე შენობა არის ავარიული, მოქმედმა მენეჯმენტმა და არხის სამეურვეო საბჭომ 2017 წელს მიმართეს ეკონომიკის სამინისტროს. სამინისტროს გადაწყვეტილებით არხს მფლობელობაში გადაეცა ორი ჰექტარი მიწის ფართობი პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე. 2017 წელს საქართველოს პირველი არხის მენეჯმენტმა გამოაცხადა კონკურსი და ახალი შენობის დიზაინისა და ვიზუალის შერჩევა საზოგადოებას შესთავაზა. საპროექტო წინადადება ფეისბუქ-კენჭისყრით შეირჩა. გაიმარჯვა კომპანია „თბილქალაქპროექტმა“.