საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ასი წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაერო-ში
გაერო-ში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ასი წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომლის ფარგლებში შოთა რუსთაველის საიუბილეო მარკის პრეზენტაცია ჩატარდა. შოთა რუსთაველის მარკა გაერო-ს საფოსტო ადმინისტრაციამ დაბეჭდა და პოეტის 850 წლის იუბილეს მიეძღვნა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც გაერო შუა საუკუნეებში მოღვაწე პირის სპეციალურ საფოსტო მარკას გამოსცემს.
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა გაერო-ში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა კახა იმნაძემ. სიტყვით გამოვიდა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის პრეზიდენტი მიროსლავ ლაიჩაკი.
ღონისძიებაზე აჩვენეს მოკლემეტრაჟიანი ფილმი საქართველოს პირველ რესპუბლიკაზე. მარკის პრეზენტაციის შემდეგ კი აშშ-ში მოღვაწე ჯაზ მუსიკოსის გიორგი მიქაძის ბენდის და ანსამბლ „ბასიანის“ მონაწილეობით კონცერტი გაიმართა.