საქართველოს პირველი არხი ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ხუთ იანვარს საინფორმაციო გამოშვებაში საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით მომზადებულ სიუჟეტზე განცხადებას ავრცელებს.
სიუჟეტი ეხებოდა საახალწლო ეთერს. კონკრეტულად კი სიუჟეტი ამტკიცებდა, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეთერში გადასცა მერიის მიერ დაფინანსებული კონცერტი, რომელიც მხოლოდ პირველ არხზე გადაიცა, მაშინ როდესაც რეალურად მაუწყებელს ეთერში ჰქონდა მხოლოდ მისი სახსრებით მომზადებული საახალწლო კონცერტი.
გაგაცნობთ პირველი არხის განცხადებას „ტვ-პირველის“ სიუჟეტზე:
„სიუჟეტი შეიცავს შეცდომაში შემყვან, გადაუმოწმებელ, ცრუ ინფორმაციას და მიზნად ისახავს საქართველოს პირველი არხისთვის განზრახ ზიანის მიყენებასა და რეპუტაციის შელახვას. შესაბამისი დაინტერესების შემთხვევაში, ჩვენი კოლეგებისთვის მარტივად ხელმისაწვდომი გახდებოდა ინფორმაცია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე, 31 დეკემბერს ღამის ეთერში გასული კონცერტი სრულად დამზადდა საზოგადოებრივი მაუწყებლის რესურსებით, არხის სარედაქციო დამოუკიდებლობის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად. ამასთან, მოვუწოდებთ სიუჟეტში მონაწილე რესპონდენტებს, უკეთ შეისწავლონ საკითხი კომენტარისა და შეფასების გაკეთებამდე, რათა არ გახდნენ ყალბი ინფორმაციის გავრცელების თანამონაწილეები“.
საზოგადოებრივი მაუწყებელი მიმართავს ტელეკომპანია „პირველს“, ინფორმაციის სიზუსტის უზრუნველსაყოფად, მოხდეს მცდარი ფაქტების თანაზომადი საშუალებებითა და ფორმით შესწორება, ასევე უარყოფა საწყისი განცხადების ხანგრძლივობით და დროის იმ მონაკვეთში, როდესაც გავიდა ხსენებული სიუჟეტი.