1956 წლის 30 დეკემბერი – დღე, როდესაც საქართველოში სატელევიზიო ისტორიის ათვლა დაიწყო. დღეს პირველი არხის დაბადების დღეა. 64 წლის წინ მთაწმინდაზე მდებარე ტელე-ხედვის სტუდიიდან მაყურებელს პირველად მიესალმნენ და კინოსტუდიიდან ნათხოვარი კამერით დამდეგი წელი ცნობილ ადამიანებზე მომზადებული საახალწლო გადაცემით მიულოცეს. არსებობის ხანგრძლივ ისტორიაში წარმატებებთან, სიახლეებთან, ტექნიკურ გადაიარაღებასთან, ტექნოლოგიურ პროგრესთან და საეთერო ბადის გამრავალფეროვნებასთან ერთად იყო ბევრი სირთულე და გამოწვევა. მუდმივად პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრში მყოფი
ტელევიზია ქვეყნის უახლესი ისტორიის მემატიანედ იქცა.
საქართველოს პირველი არხის საეთერო ბადეში დღეს არაერთი საერთაშორისო ლიცენზირებული და რეიტინგული ტელეპროექტია. საინფორმაციო პოლიტიკური და გასართობ-შემეცნებითი გადაცემების გარდა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსოფლიო პანდემიის დროს შექმნილი ახალი არხი ტელესკოლა, რომელიც კორონავირუსის პირობებში სკოლის მოსწავლეებისთვის განათლების მიღების მთავარ საშუალებად იქცა. არანაკლებ საინტერესო იქნება საქართველოს პირველი არხის 2021 წლის ეთერი, სლოგანით „უყურე და უსმინე ქართულს“.