რუსეთის მუქარის შემცველ გზავნილებში უკრაინასთან ერთად აქცენტი კეთდება საქართველოზეც.
სერგეი ლავროვი ნატოს გაფართოებას და ორგანიზაციაში ჩვენი ქვეყნის შესვლას რუსეთისთვის წითელი ხაზის გადაკვეთად აცხადებს. რუსეთის პირველი დიპლომატის განცხადებაში არის კიდევ ერთი მთავარი დეტალი. საგარეო საქმეთა მინისტრი აქცენტს საქართველოს ძალით გაწევრიანებაზე აკეთებს და ამტკიცებს, რომ ნატოს წევრობას მოსახლეობის დიდი ნაწილი ეწინააღმდეგება. ჯერ კიდევ 2008 წელს ჩატარებული რეფერენდუმის დროს გამოკითხულთა 77%-მა ალიანსში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა. სოციოლოგიური გამოკითხვები აჩვენებს, რომ ორგანიზაციაში ინტეგრაციის მსურველთა რაოდენობა სულ უფრო იზრდება. მოქალაქეთა საგარეო პოლიტიკური არჩევანი ასახულია ქვეყნის ყველა ოფიციალურ დოკუმენტსა და სტრატეგიაშიც. თბილისი მოსკოვს სიცრუეზე აგებული და საკუთარ ინტერესებზე გათვლილი რიტორიკის შეცვლისკენ მოუწოდებს.