ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო გადამწყვეტი მატჩი მოგებულია.
ევრო 2024-ის ერთ-ერთ ფავორიტ გუნდთან შეხვედრის დროს საქართველომ უპირატესობა დაწყებისთანავე მოიპოვა. მეორე წუთზე პირველი გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, რომელიც გუშინდელი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. მეორე ტაიმში კი გიორგი მიქაუტაძემ პენალტი ზუსტად დაარტყა. ევრო 2024-ის დაწყებიდან მიქაუტაძის ანგარიშზე სამი გოლი და ერთი საგოლე გადაცემაა, რის გამოც ის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. გამორჩეული იყო მეკარე გიორგი მამარდაშვილიც, რომელმაც კარში მეტოქის არც ერთი ბურთი არ გაუშვა. ჯგუფური ეტაპის სამ თამაშზე მამარდაშვილმა ჯამში 20 ბურთი მოიგერია. 26 მარტს ევროპის ჩემპიონატის საგზურის მიღებიდან ზუსტად სამი თვის თავზე, 26 ივნისს მოპოვებული ისტორიული გამარჯვებით ქართული ფეხბურთის ისტორიაში ახალი ფურცელი გადაიშალა.