საქართველოს ნაკრების ისტორიული გამარჯვება

2024 წლის 26 მარტი ისტორიული თარიღი გახდა საქართველოსთვის.

ქვეყანა ზეიმობს – დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. პლეიოფის ფინალში ბერძენ მეტოქეებთან შეხვედრა ჩვენი ნაკრების ისტორიული გამარჯვებით დასრულდა. პენალტების სერიაში ნიკა კვეკვესკირის გადამწყვეტმა გოლმა თაობების მრავალწლიანი ოცნება აახდინა. 1964 წლის 18 ნოემბერი, 1978 წლის 11 ნოემბერი, 1981 წლის 13 მაისი და ახლა უკვე 2024 წლის 26 მარტი – დღე, რომელსაც ქვეყანა ათეული წლები ელოდა. ემოციური კადრები, ტრიბუნებიდან სტადიონზე გადასული გულშემატკივრები და „დინამო არენადან“ დაწყებული ზეიმი, რომელიც მთელ ქვეყანას მოედო – ეს იყო ისტორიული მატჩი და წარმატებული ფინალი აგრესიული სვლებით და შეტევით გამორჩეულ მეტოქესთან.

არანაკლებ ემოციური აღმოჩნდა ისტორიული მატჩის შემდეგ მოედნის გარეთ განვითარებული მოვლენები. უმნიშვნელოვანესმა გამარჯვებამ, რომელსაც ქვეყანა 30 წლის განმავლობაში ელოდა, მთელი საქართველო გააერთიანა. ეროვნული დროშებით, საყვირებით და შეძახილებით „მე ვარ საქართველო“ ყველა დიდი ქალაქში საზეიმო მსვლელობა გაიმართა. მოვლენების ეპიცენტრი კი რესპუბლიკის მოედანი იყო, სადაც ეროვნული ნაკრების წევრები დაძაბული შეხვედრის შემდეგ მივიდნენ და დიდი გამარჯვება იქ შეკრებილ ასობით ათას ადამიანთან ერთად აღნიშნეს.

სახალხო ზეიმი მთელი ქვეყნის მასშტაბით დილამდე გაგრძელდა.