საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო მატჩისათვის ემზადება. ვილი სანიოლის გუნდმა ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე კიდევ ერთხელ ივარჯიშა. პროცესში 25 ფეხბურთელი მონაწილეობდა. გუნდთან ერთად არ უვარჯიშია ოთარ კიტეიშვილს, რომელიც მზადებას ინდივიდუალური პროგრამით განაგრძობს. ხვალ, 17 ივნისს კი, ჩვენი გუნდი დორტმუნდში, საქართველო – თურქეთის მატჩის მასპინძელ სტადიონზე ივარჯიშებს. ევროპის ჩემპიონატზე აკრედიტებული მედიისთვის, ვარჯიშის საწყისი, პირველი 15 წუთი ღია იქნება. ამასთან, საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე, მატჩისწინა პრესკონფერენციაც გაიმართება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები კონტინენტის პირველობაზე პირველ შეხვედრას 18 ივნისს თურქეთთან გამართავს. მატჩი თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.