ქვეყანა ზეიმობს.
გერმანიის ქალაქი გელზენკირხენი, აუფშალკე არენა – ისტორიული გამარჯვების ადგილი საქართველოსთვის. ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალშია. ევრო 2024-ის ერთ-ერთი ფავორიტი გუნდი დამარცხებულია. პორტუგალიას ჩვენმა ნაკრებმა ანგარიშით 2:0 მოუგო. ოთხი ქულა და მესამე ადგილი F ჯგუფში – ასეთი შედეგით დაასრულეს „ჯვაროსნებმა“ ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობა. დაძაბული 94 წუთი და ისტორიული გამარჯვება – 24 ქვეყნიდან ევრო 2024-ზე ასპარეზობას 16 ქვეყანა განაგრძობს. მათ შორის არის საქართველო. ჩვენი ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ზე ერთადერთი დებიუტანტია. გამორჩეული თამაშით „ჯვაროსნები“ საერთაშორისო ტურნირზე განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში აღმოჩნდნენ. დღეს ყველა ჩვენი გუნდის ისტორიულ შედეგზე, თავდაუზოგავ თამაშზე და თავდადებაზე საუბრობს. წინ 30 ივნისის მატჩია. მერვედფინალში ჩვენი გუნდი ქალაქ კიოლნში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. თუ ეს შეხვედრაც ჩვენს სასარგებლოდ დასრულდება, საქართველო ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გადავა.
ჩვენი ყურადღება ახლა გერმანიის ქალაქ კიოლნისკენ ინაცვლებს, ადგილზე უკვე იმყოფება „მოამბის“ გადამღები ჯგუფი, – გუშინდელი ისტორიული მატჩის შემდეგ ლევან ღუდუშაური 30 ივნისს დაგეგმილი შეხვედრის გასაშუქებლად ემზადება.