საქართველოს მოქალაქეების მიღების სურვილი ევროკავშირის 11-მა სახელმწიფომ გამოთქვა - ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში დამსახურებულად მოხვდა, ქვეყნები საზღვრებს სხვადასხვა პირობით ხსნიან
უახლოეს დღეებში უნდა გაირკვეს, ევროკავშირის რომელ ქვეყნებთან და რა პირობებით აღდგება საქართველოდან ავიამიმოსვლა.
ევროკავშირის საბჭოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში მოხვედრის შემდეგ ის წესები და რეჟიმი ზუსტდება, რომელთა დაცვა საქართველოდან გამგზავრებული და აქ ჩამოსული მოქალაქეებისთვის სავალდებულო იქნება. ორმხრივი მოლაპარაკებების ფონზე უკვე გამოკვეთილია რამდენიმე ქვეყანა, რომელთათვის საზღვრები, სავარაუდოდ, პირველ აგვისტოზე ადრე გაიხსნება. თუმცა, ევროპის ქვეყნების ნაწილი საზღვრების გახსნას თავად არ ჩქარობს. ავსტრიის და ჩეხეთის შემდეგ ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისთვის სასაზღვრო შეზღუდვების მოხსნისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს შვედეთიც. რეგულარული ფრენების დაწყებამდე ევროპაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებული ჩარტერული რეისებით ჩამოიყვანენ, რომლებსაც რამდენიმე ავიაკომპანია შეასრულებს.