სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ნაწილი სამშობლოში დღეს დაბრუნდება. კომპანია „ჯეო სქაის“ გენერალური დირექტორის ინფორმაციით, ყველა თანამშრომელი ჯანმრთელი და უვნებელია და ისინი კაიროდან საღამოს გამოფრინდებიან. რაც შეეხება მეორე ავიაკომპანია „მაი ვეის“ თანამშრომლებს, რომლებიც ასევე კაიროს ერთ-ერთ სასტუმროში იმყოფებიან, ისინი 28 აპრილის რეისით ჩამოვლენ.
ორი ავიაკომპანიის თანამშრომლებმა სუდანის არმიასა და გასამხედროებული დაჯგუფების მებრძოლებს შორის შეტაკებების ფონზე, ხართუმში ერთ კვირაზე მეტი გაატარეს. ისინი ხართუმიდან ჯერ გარეუბანში, უსაფრთხო ტერიტორიაზე, შემდეგ კი საავტომობილო გზით მოსაზღვრე ეგვიპტეში გადაიყვანეს, სადაც მათ საქართველოს ელჩი დახვდათ.
ჯამში სუდანიდან 33 ქართველის ევაკუაცია მოხდა.