ამერიკა-ევროკავშირის მიერ საქართველოს მხარდამჭერი ერთობლივი განცხადება კვლავ განხილვის თემაა თბილისში. ხელისუფლების ოპონენტები ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მნიშვნელოვანს უწოდებენ, თუმცა ევროატლანტიკური პერსპექტივის კუთხით გამოთქმულ გზავნილებთან დაკავშირებით, აცხადებენ, რომ რეფორმების განხორციელებას „ქართული ოცნება“ აფერხებს. მმართველ გუნდში კი აღნიშნავენ, რომ სტატუსის მოლოდინის პროცესში ეს დეკლარაცია ძალიან მნიშვნელოვანია.
შეგახსენებთ, ერთობლივ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ სრულად გრძელდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ქვეყნის ევროატლანტიკური პერსპექტივის მხარდაჭერა. ასევე წერია, რომ შეერთებული შტატები და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ადასტურებენ ერთგულებას ტრანსატლანტიკური პარტნიორობის მიმართ და ყველა პარტნიორმა ქვეყანამ ევროპულ გზაზე წინსვლისთვის აუცილებელი რეფორმების განხორციელება უნდა განაგრძოს.