საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია შობის დღესასწაულისთვის ემზადება
შობის დღესასწაულისთვის ემზადება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია. საზეიმო წირვა, ქვეყნის მასშტაბით მოქმედ, ყველა ეკლესია-მონასტერში აღევლინება. სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძრებში ღამის 11:00 საათიდან დაიწყება. ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქი აღავლენს. მსახურების პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.
ტრადიციულად, მრევლი ილია მეორის საშობაო ეპისტოლესაც ელოდება, რომელშიც, მისი უწმინდესობა, მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილებს ყურადღებას. მოგვიანებით, შობის ღამეს ფანჯრებში სანთლები აინთება, – უკვე რამდენიმე წელია, მოსახლეობა დღესასწაულს სწორედ ასე ხვდება. ტრადიციას საფუძველი ილია მეორემ ჩაუყარა. შობის დღესასწაულზე სანთლების ფანჯარასთან დანთება მაცხოვრის დაბადების სიმბოლოა.