ევრო 2024-ზე ერთ-ერთ გამორჩეულ მატჩს და საქართველოს გამარჯვებას გამოხმაურება მოჰყვა მსოფლიო მედიაში.
„საქართველოს წარმატება შემთხვევითი არ არის“, – ასე ეხმაურება UEFA საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გასვლას. „ევრო 2024-ის კვალიფიკაცია ამბიციური საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ ფეხბურთის განვითარების, დაგეგმვისა და ინოვაციების მრავალწლიანი კულმინაციაა“, – ვკითხულობთ უეფა-ს სოციალურ ქსელში.
„გელზენ-კირ-ხენში, სტადიონის შიგნით ისეთი ხმა გაისმა, რომ შესაძლოა, ეს ხმა თბილისშიც ისმოდა. რეიტინგში 74-ე ადგილზე მყოფი და ოთხ მილიონზე ნაკლები მოსახლეობის ერისთვის ეს იყო ფეხბურთის უდიდესი ღამე ქვეყნის ისტორიაში“, – ასეთია „სიენენის“ შეფსაება.
„ნიუ იორკ თაიმსი“ კი საქართველოს მიერ პორტუგალიის დამარცხებას ევრო-2024-ის უდიდეს შოკად აფასებს. „ევრო 2024-ის ყველაზე დიდი შოკი, საქართველომ პორტუგალია 2:0 დაამარცხა, რითაც ქვეყნისთვის სადებიუტო მასშტაბურ ტურნირში პლეი ოფში ადგილი უზრუნველყო“, – წერს გამოცემა. „საქართველოს გასაოცარი გამარჯვება ნიშნავს, რომ თურქეთის შემდგომ მესამე ადგილზე გავიდნენ და მათი ჯილდოა კვირას კიოლნში, ესპანეთთან მატჩი. ეს იქნება რთული პერსპექტივა, შეხვდე ტურნირის ერთადერთ გუნდს, რომელსაც მოგების 100-პროცენტიანი მაჩვენებელი აქვს. მაგრამ ისინი ეცდებიან, კიდევ ერთი გადატრიალება მოახდინონ“, – წერს „ნიუ იორკ თაიმსი“. „ეს იყო ღამე, რომელიც დიდხანს დარჩება ათასობით გულშემატკივრის მეხსიერებაში, რომლებიც აქ იყვნენ ისტორიის სანახავად.
ეს იყო პირველი შემთხვევა რონალდოს კარიერაში, როდესაც ვერ გაიტანა გოლი დიდი ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე“, – ამის შესახებ კი „გარდიანმა დაწერა“.
„კვარაცხელიამ ბავშვობის ოცნება ისტორიული გამარჯვებითა და რონალდუს მაისურით აიხდინა“, – ასე ეხმაურება საქართველოს წარმატებას „როიტერი“. „საქართველოს თილისმამ, ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩის საუკეთესო წარმოდგენა გამართა, თავისი ქვეყანა ევრო 2024-ის მეთექვსმეტედფინალში პორტუგალიასთან ისტორიული 2-0 მოგებით, რომელიც შთაგონებული იყო მისი ბავშვობის გმირის, კრიშტიანუ რონალდუს სიტყვით. კვარაცხელიამ ორ წუთში გაიტანა გოლი და გააოცა ევროპის ყოფილი ჩემპიონები, შემდეგ კი სენსაციური დრიბლინგის ჩვენება მოახერხა“, – წერს „როიტერი“.
საქართველომ ისტორია დაწერა და ევრო-2024-ზე პორტუგალიასთან გამარჯვებით, მისთვის პირველი მსხვილი ტურნირის პლეი ოფში გადავიდა. ამის შესახებ „ბიბისი სპორტი“ წერს. როგორც მედიასაშუალება აღნიშნავს, პორტუგალია ჯგუფიდან უკვე გასული იყო, თუმცა შოკირებული იყო ჯგუფის დასკვნითი მატჩის დროს, როდესაც თამაშის დაწყების მეორე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ პორტუგალიელ მეკარე დიეგო კოშტას გოლი გაუტანა. „ბიბისი სპორტის“ შეფასებით, პორტუგალიის დამარცხებით საქართველომ ისტორიაში, ფიფა-ს რეიტინგის თანახმად, ევროპის ჩემპიონატზე ყველაზე დიდი გადატრიალება მოახდინა და თავიანთ სადებიუტო მსხვილ ტურნირზე დაუვიწყარი საღამო შექმნა.