ისტორიული განაცხადის გაკეთების შემდეგ საქართველო ევროკავშირიდან პასუხს ივნისის ბოლოს მიიღებს.
23-24 ივნისს დაგეგმილ სამიტზე გადაწყდება, მიანიჭებენ თუ არა საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. დიდი ალბათობით, უახლოეს დღეებში უკვე მზად იქნება ევროკომისიის შეფასება, რომელიც სამივე ქვეყნის მიერ შევსებული კითხვარების გაცნობის შემდეგ სწორედ ახლა იწერება. ამ დასკვნითი შეფასების შემდეგ უნდა მიიღონ
ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა კონსენსუსზე დაფუძნებული პოლიტიკური გადაწყვეტილება. თუმცა, თითქმის ერთი თვით ადრე არცერთ ქვეყანასთან დაკავშირებით ერთიანი კონსენსუსი ჯერ არ არსებობს, რაც ბრიუსელში უკრაინასთან დაკავშირებით მიმდინარე საგანგებო სამიტზე შეკრებილი ევროპელი ლიდერების განცხადებებმაც დაადასტურა. გზავნილები არაერთგვაროვანია. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების ნაწილი სამივე ქვეყნის მიმართ ერთიანი მიდგომის მომხრეა, ცალკეული ლიდერები კი უკრაინისთვის მეტი სტიმულის აუცილებლობაზე საუბრობენ.
„მოამბე“ ბრიუსელიდან, – ანა ბროლაძე გაეცნო საგანგებო სამიტზე შეკრებილი ევროპელი ლიდერების პოზიციებს.