კითხვარის მეორე ნაწილი ივსება. 2 000-ზე მეტ შეკითხვაზე პასუხების გაცემის და ბრიუსელში გადაგზავნის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება – დგება ევროკომისიის შეფასების დრო. სწორედ მის რეკომენდაციას დაეყრდნობა ევროპული საბჭო, რომელმაც პოლიტიკური კონსენსუსის გზით უნდა გადაწყვიტოს, იმსახურებს თუ არა საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. საქართველოში ევროკავშირის ელჩი, რომელმაც კითხვარის შევსებული პირველი ნაწილი უკვე ჩაიბარა, ხაზს უსვამს, რომ სწრაფად შევსებაზე უფრო მნიშვნელოვანი პასუხების ხარისხია. წინასწარი გზავნილები იმედის მომცემია. რამდენიმე ქვეყანა ევროკავშირში ასოცირებული ტრიოს, ანუ საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის გაწევრიანების პროცესის დაჩქარების მიმართ საკუთარ მხარდაჭერას უკვე აფიქსირებს. რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ევროპელმა ლიდერებმა რუსეთის აგრესიის ქვეშ მყოფი ქვეყნების მიმართ მხარდაჭერის გაძლიერებაზე საუბარი კიდევ უფრო გაააქტიურეს.