თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მათ ოჯახის წევრები, გულშემატკივრები და მედიის წარმომადგენლები დახვდნენ. ადგილზე შეკრებილებმა, სპორტსმენებს პარიზის ოლიმპიადაზე წარმატებული ასპარეზობისთვისა და საქართველოს ღირსეულად წარმოჩენისთვის მადლობა გადაუხადეს. ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტებმა საქართველოს დელეგაციას სამი მედალი მოუტანეს. ლაშა ბექაურმა პარიზში ისტორიული შედეგი დააფიქსირა და ოლიმპიური ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა. ვერცხლის მედლები კი ილია სულამანიძემ და ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ისტორიაში პირველად, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა გუნდურ შეჯიბრში მიიღო მონაწილეობა, თუმცა იტალიასთან მერვედფინალში დამარცხდა.