80 მომხრე და არცერთი წინააღმდეგი – პარლამენტმა პოსტზე გიორგი გაბიტაშვილი ექვსი წლის ვადით დაამტკიცა. საქართველოს ახალი გენერალური პროკურორი მთავარ პრიორიტეტად თაღლითობისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას ასახელებს. ამასთან, გიორგი გაბიტაშვილი პროკურორების ინდივიდუალური დამოუკიდებლობის გაძლიერებას, მათ სპეციალიზაციას და პროკურატურაში პრაქტიკული ხარვეზების აღმოფხვრას აპირებს. ახალმა გენერალურმა პროკურორმა მედიასთან გახმაურებული, ბესიკ ხარძიანის მკვლელობის საქმის ახალ დეტალებზეც ისაუბრა. გიორგი გაბიტაშვილის ინფორმაციით, თურქეთში დაკავებულია საქმეზე მსჯავრდებული ერთი პირი და ამ დროისთვის საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურას დეპუტატებმა კენჭი დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე საკითხის განხილვის გარეშე უყარეს. კენჭისყრაში მონაწილეობა საპარლამენტო ოპოზიციის მცირე ნაწილმა მიიღო, ოპოზიციიდან გენპროკურორის პოსტზე გაბიტაშვილის კანდიდატურას მხარი მხოლოდ „ევროპელმა სოციალისტებმა“ დაუჭირეს. ოპოზიციის დანარჩენი ნაწილის აზრით, ახალი გენერალური პროკურორი ახალ, მე-11 მოწვევის პარლამენტს უნდა აერჩია და გიორგი გაბიტაშვილის დამტკიცებით, რომელიც მანამდე გენერალური პროკურორის მოადგილის პოსტს იკავებდა, უწყებაში არაფერი შეიცვლება. ოპონენტების კრიტიკას მმართველი გუნდი უსაფუძვლოს უწოდებს და ყურადღებას ახალი გენერალური პროკურორის კეთილსინდისიერებასა და პროფესიონალიზმზე ამახვილებს.