საქართველომ მხარი დაუჭირა გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის ანექსიას გმობს. დოკუმენტში, რომლის თანასპონსორიც საქართველოა, აღნიშნულია, რომ „დონეცკის, ხერსონის, ლუგანსკისა და ზაპოროჟიეს რეგიონები რუსეთის მიერ აგრესიის შედეგად, დროებით ოკუპირებულია, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის დარღვევით“. რეზოლუცია მოუწოდებს ყველა სახელმწიფოს, გაერო-სა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, არ ცნონ ანექსიაზე რუსეთის პრეტენზიები და მოითხოვონ ანექსიის დეკლარაციის დაუყოვნებლივ უკან გაწვევა. რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა მისცა რუსეთმა, ბელარუსმა, ჩრდილოეთ კორეამ, სირიამ და ნიკარაგუამ. კენჭისყრისას თავი 35-მა წევრმა შეიკავა.
„საქართველო გმობს რუსეთის ფსევდორეფერენდუმის შედეგად უკრაინის რეგიონების უკანონო ანექსიის მცდელობას და კიდევ ერთხელ აცხადებს მის ურყევ მხარდაჭერას უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიებისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებსა და ტერიტორიულ წყლებში, – ამის შესახებ გაერო-ში საქართველოს ელჩმა, დავით ბაქრაძემ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე განაცხადა. ელჩის თქმით, უკრაინას ახლა ყველა გვერდით უნდა დაუდგეს.