მიიღებს თუ არა საქართველო წლის ბოლოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს – ევროპული საბჭოს მხრიდან პოლიტიკური გადაწყვეტილების თარიღის მოახლოებასთან ერთად ქვეყნის შიგნით პოლიტიკური ურთიერთბრალდებები სულ უფრო მწვავდება.
ხელისუფლება ოპოზიციის ნაწილს სტატუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ადანაშაულებს. მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ სტატუსის საკითხს ცალკეული ოპოზიციური ძალები ხელისუფლების შეცვლის ინსტრუმენტად განიხილავენ და უარის შემთხვევაში არეულობის სცენარისთვის ემზადებიან. სახელდება კონკრეტული პარტიებიც – „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად ვაშაძე-ხოშტარია-ჯაფარიძის ალიანსი. გარკვეულწილად ამ მოსაზრებას ზოგიერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსიც იმეორებს. თუმცა, მთელი ოპოზიციური სპექტრი თანხმდება, რომ ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან უმრავლესობა ამ დრომდე შეუსრულებელია. საპირისპიროს ამტკიცებს „ქართული ოცნება“.