ევროკავშირში ინტეგრაციის დაჩქარება – ასეთია მმართველი გუნდის გაცხადებული მიზანი, რომლისთვისაც საქართველომ ევროკავშირის ახლად შექმნილი პლატფორმა უნდა გამოიყენოს.
პრაღაში მიწვეულ 44 ლიდერს შორის არის საქართველოს პრემიერ-მინისტრიც, რომელიც სამიტის ფარგლებში მიმდინარე დისკუსიებში მონაწილეობის გარდა, ორმხრივ შეხვედრებსაც მართავს. ბუნებრივია, ევროკავშირის ლიდერების ძირითადი ინტერესი ევროკომისიის მიერ ჩვენი ქვეყნებისთვის გაცემული 12 რეკომენდაციის შესრულების პერსპექტივას უკავშირდება. სწორედ ევროკომისიის პუნქტების შესრულების პროცესი განიხილა ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელთან გამართულ არაფორმალურ შეხვედრაზე, ევროკომისიის რეკომენდაციების აღსრულების მიზნით შექმნილ სამუშაო ჯგუფებზე და უკვე მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე ინფორმაცია მიიღო ევროკომისიის პრეზიდენტმაც.