ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება თავისუფლების მოედანზე საერთო-სახალხო ღონისძიებით აღინიშნა. დედაქალაქის ცენტრალური გამზირი საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით მოირთო, დროშები გამოიფინა საქართველოს ყველა რეგიონის დიდ ქალაქში. თავისუფლების მოედანზე სადღესასწაულო კონცერტიც გაიმართა. საზოგადოებას მიულოცეს ხელისუფლების პირველმა პირებმა და მმართველი გუნდის ლიდერებმა.
ევროკავშირში ძალიან მკაფიოდ ისმის ქართველი ხალხის ხმა, როგორც აქ და ახლა – აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა. ამ ეტაპამდე საქართველომ საკმაოდ გრძელი გზა გაიარა და არაერთი რეფორმა გაატარა. ერთი თვის წინ ევროკომისიიდან მიღებული დადებითი რეკომენდაცია, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებისგან ოფიციალურად გაფორმდა.