საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა

ფინანსურ და ტექნიკურ რესურსებზე წვდომა, განათლების იმპორტი, წარმოების განვითარება და ცხოვრების დონის ზრდა – მინისტრთა კაბინეტი ასე აფასებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსით მიღებულ ბენეფიტებს. მათი განცხადებით, მინიჭებული სტატუსი საქართველოს განვითარების ახალ საფეხურზე გადაიყვანს. ყურადღება გამახვილდება იმ პერსპექტივაზეც, რომელიც შემდგომში ჩვენი ქვეყნისთვის გაიხსნა.

შეგახსენებთ, ევროკომისიის მონაცემებით, აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის 2021 წელს შემუშავებული ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის მიხედვით, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობით 2027 წლამდე 17 მილიარდამდე ევროს მობილიზება უნდა მოხდეს. უშუალოდ საქართველოსთვის შემუშავებული გეგმის ფარგლებში, ევროკავშირმა უკვე მოაგროვა 1.7 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიციები, რომელთაგან 194 მილიონი ევრო გრანტების სახით გაიცა.