დღეს, „დინამო არენაზე“, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის მეოთხე ტურში ბულგარეთს უმასპინძლებს. გუნდებმა მატჩამდე შეხვედრის მასპინძელ „დინამო არენაზე“ ივარჯიშეს, მთავარმა მწვრთნელებმა კი პრესკონფერენცია გამართეს. ვილი სანიოლი მედიასთან ნახევარმცველ, ოთარ კიტეიშვილთან ერთად გამოცხადდა და თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაზარალებული ბულგარეთის ნაკრების წევრის, ტოდორ ნედელევის მიმართ თანადგომა გამოხატა. ბულგარეთის დელეგაციის წევრების თქმით, ოპერაციის შემდეგ ფეხბურთელის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება, ქართველ ექიმებსა და ფეხბურთის ფედერაციას კი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს. საქართველოსა და ბულგარეთის ეროვნული ნაკრებების დაპირისპირება 20 საათზე დაიწყება.
მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.