საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მეოთხე ტურში ალბანეთთან 0-1 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მოედანზე შემტევი შემადგენლობა გაიყვანა. ფრანგმა სპეციალისტმა არა მხოლოდ დისკვალიფიცირებული გიორგი ქოჩორაშვილი შეცვალა, არამედ წინა მატჩებთან შედარებით სათამაშო სქემაც გადააწყო. ძირითად შემადგენლობაში ზურიკო დავითაშვილი გამოჩნდა. მთავარი ცვლილება კი ის იყო, რომ ალბანელებს 4 მცველითა და 2 თავდამსხმელით ვეთამაშეთ, ბუდუ ზივზივაძე და გიორგი მიქაუტაძე შეტევის დუეტში ერთად პირველად ვიხილეთ. პირველი რეალური შანსი ჩვენმა ნაკრებმა მე-5 წუთზე შექმნა, გოლის გატანა ბუდუ ზივზივაძეს შეეძლო. მომენტები ჰქონდათ გიორგი მიქატაუძესა და ზურიკო დავითაშვილსაც. 70-ე წუთზე ზურიკო დავითაშვილის გადაცემის შემდეგ გოლის გატანის შანსი გიორგი მიქაუტაძემ მიიღო, თუმცა ალბანელთა მეკარემ დამაჯერებლად ითამაშა. რამდენჯერმე სცადა გატანა კვარაცხელიამ, თუმცა უშედეგოდ. 4 მატჩის შემდეგ, ვილი სანიოლის გაწვრთნილ გუნდს, 6 ქულა აქვს და ჯგუფში მეორე ადგილზეა. საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგაზე მორიგი მატჩი 16 ნოემბერს ბათუმში უკრაინასთან ელის.
ქართველი ქომაგების ის ნაწილი, რომელიც მიხეილ მესხის სტადიონზე თამაშს ვერ დაესწრო, პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბა. აღნიშნულ ტერიტორიაზე საქართველო-ალბანეთის საფეხბურთო მატჩის საჯარო ჩვენება გაიმართა. გულშემატკივრებისთვის თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, დიდი ეკრანი დამონტაჟდა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრას უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ 16 ნოემბერს გამართავს, მეექვსე ტურის შეხვედრას კი, 19 ნოემბერს ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ. პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი, პირველი არხი სპორტი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.