დღეს ქვეყანა 2008 წლის ომის დროს შინდისში დაღუპულ გმირებს იხსენებს. მემორიალთან მოქალაქეები დილიდან იკრიბებიან – ყვავილები მიაქვთ და სამხედროების გმირობის ისტორიას იხსენებენ. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დაღუპულთა სულის მოსახსენებელი წირვა აღსრულდა. გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივი დღეს მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მიაგეს და მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.
თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-საჩვენებელმა ორკესტრმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულა, რის შემდეგაც, ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლებში და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს. ათი წლის წინ რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს 17 ქართველი ჯარისკაცი გმირულად დაიღუპა.
შინდისის გმირებს პატივი მიაგეს ბათუმშიც, სადაც ქართველი ჯარისკაცების პატივსაცემად ტრადიციულად, 17 ხე დარგეს. შინდისის გმირების სკვერში დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, მისი კაბინეტის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 17 ახალი ნერგი დარგეს და სკვერი ყვავილებით შეამკეს.