საქალაქო სასამართლოში აუდიტორია 115-ის წევრების სასამართლო პროცესი გაიმართება
დღეს საქალაქო სასამართლოში პარლამენტთან ადმინისტრაციული წესით დაკავებული აუდიტორია 115-ის წევრების სასამართლო პროცესი გაიმართება. სასამართლოში უკვე მიიყვანეს დაკავებული პირები. პროცესის დაწყებას ელოდებიან აუდიტორია 115-ის სხვა წევრებიც და ასევე დაკავებულების ადვოკატები.
სტუდენტური მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ ეს იყო მჯდომარე პროტესტი და მათი დაკავება ზეწოლის მცდელობა იყო. მოძრაობის 5 წევრი გუშინ ადმინისტრაციული კოდექსის ორი მუხლის დარღვევის მიზეზით დააკავეს. მათ პოლიცია წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავება იმ დროს მოხდა, როდესაც აქციის მონაწილეები საავტომობილო გზის გადაკეტვას ცდილობდნენ და ისინი სამართალდამცველების მოთხოვნას არ დაემორჩილნენ.