ირანში საპროტესტო გამოსვლების ახალი ტალღა დაიწყო. ანტისამთავრობო აქცია თეირანში გაიმართა. ქუჩებში ასობით ადამიანი, მას შემდეგ გამოვიდა, რაც ქვეყნის მთავრობამ „უკრაინის ავიახაზების“ კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავის „შეცდომით ჩამოგდება“ აღიარა. აქციის მონაწილეების უმეტესობა სტუდენტები იყვნენ. ისინი გამოძიების ჩატარებას, დამნაშავეების დასჯასა და ქვეყნის სულიერი ლიდერის გადადგომას ითხოვდნენ. ირანის პოლიციამ ანტისამთავრობო აქცია დაშალა. თეირანში გამართულ დემონსტრაციაზე, დიდი ბრიტანეთის დესპანი დააკავეს. მედიის ინფორმაციით, ის „აქციის მონაწილეების წახალისების“ ბრალდებით აიყვანეს. გავრცელებული ცნობით, ის რამდენიმე საათში გაათავისუფლეს. თუმცა მის წინააღმდეგ გამოძიება დაწყებულია. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დესპანის დაკავება საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევად შეაფასა.