არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებული სამდღიანი საპროტესტო აქციები რამდენიმე მონაწილის დაკავებით დასრულდა.
ორგანიზატორები რამდენიმე ეტაპიან ბრძოლას აანონსებენ და პროტესტის გაგრძელებას სადავო პროექტის საპარლამენტო განხილვების პარალელურად გეგმავენ. მოთხოვნაა უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტის გაწვევა და აქციებზე დაკავებულების გათავისუფლება. თუმცა გუშინდელი აქციის დროს ცალკეული ოპოზიციონერი ლიდერების მხრიდან სხვა მოთხოვნაც გაისმა. პარლამენტის მიერ სადავო ინიციატივის პირველი მოსმენის შემდეგ აქციაზე მყოფი რამდენიმე პოლიტიკოსი მთავრობის შეცვლის აუცილებლობაზე ალაპარაკდა. ეს მოთხოვნა პირველად მაშინ გაისმა, როცა პრემიერთან შეხვედრის მოთხოვნით დემონსტრანტების ნაწილმა ორგანიზატორების მოწოდებით მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლა. პროტესტის წინა ხაზზე იქ უკვე ოპოზიციონერი ლიდერები იდგნენ. აქციის ორ ნაწილად გაყოფას წინ მმართველი გუნდისთვის პროექტის უკან გასაწვევად მიცემული ულტიმატუმი უძღოდა. დემონსტრაციას ექსცესებიც ახლდა თან.