შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნით ბათუმში მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა. პროტესტის მონაწილეები აქცია-პერფორმანსს ყოველდღე აწყობენ. ისინი მცირე დროით კეტავენ სხვადასხვა ქუჩას.
აქცია გაიმართა ქუთაისშიც, მერიის შენობის წინ. არასამთავრობო ორგანიზაცია „პოსტერუმ-ქუთაისის“ წევრებმა ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატები ნიკა მელიასთვის მანდატის მოხსნის მხარდაჭერისთვის გააკრიტიკეს. მცირე სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა ქუთაისის მერიის შენობაზე სტიკერების გაკვრას.
საპროტესტო აქცია გაიმართა ზუგდიდშიც. ენმ-ს წევრებმა ზუგდიდის ცენტრში, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სახურავიდან გიორგი გახარიას ბანერი გადმოფინეს წარწერით – „წადი“. რამდენიმე წუთში სახურავზე ავიდნენ ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები და სამართალდამცველები. ზედამხედველობის სამსახურმა ენმ-ს ერთ-ერთ წევრს, გიორგი ფიფიას ადმინისტრაციული ოქმი 150-ე მუხლით შეუდგინა, რაც 50-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.