საპროტესტო აქცია უშგულში. მოსახლეობამ გზა გადაკეტა. ადგილობრივები ხელისუფლებისგან ისტორიული კოშკების რეაბილიტაციას, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვას და სხვა პრობლემების მოგვარებას ითხოვენ.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ კოშკებისა და მაჩუბების 90 პროცენტი საგანგაშო მდგომარეობაშია. ივლისის ბოლოს კოშკი უშგულის თემის სოფელ მურყმელში ჩამოინგრა. მსგავსი ფაქტი 2017 წელსაც მოხდა.
აქციაზე გადაღებული ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის განცხადებით, აქციის მონაწილეების პრეტენზიები მიუღებელია, რადგან სვანეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.