კახეთში, სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ სიტუაციას ისევ სამართალდამცველები აკონტროლებენ. პოლიცია სასტუმროს ტერიტორიაზეა მობილიზებული. ადგილზე რჩებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, რომლებიც ყვარელში დილიდან ჩავიდნენ. ამ დროისთვის ადგილზე სიმშვიდეა, თუმცა რამდენიმე საათის წინ სიტუაცია დაძაბული იყო, რა დროსაც 16 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც სასტუმროს ტერიტორიიდან მიკროავტობუსი გამოვიდა. შეკრებილებმა სატრანსპორტო საშუალებას კვერცხები დაუშინეს, რასაც სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. „ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, დაკავებულია ათამდე პირი, მათ შორის პარტიის რეგიონული ლიდერები. ყვარელში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ყოფილი და ახლანდელი ლიდერები, მათი თანამოაზრეები და ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები დღეს დილით ჩავიდნენ. ისინი კახეთში რუსეთის მოქალაქეების სტუმრობას აპროტესტებენ. სოციალურ ქსელებში გავრცელებული ცნობით, სასტუმროში რუსეთიდან ჩამოსული სანქცირებული პირები იმყოფებიან და წვეულების გამართვა იგეგმება. ასევე არსებული ცნობით, სასტუმრო სხვა სტუმრებისთვის დაკეტილია.