საპროტესტო აქცია პარლამენტთან - შალვა სუმბაძის ჩართვა

აქციები არ წყდება. საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორია პროტესტის მთავარი ეპიცენტრია.

რუსთაველის გამზირზე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტის წინააღმდეგ მოქალაქეები, პოლიტიკოსები და მესამე სექტორის წარმომადგენლები დღესაც დგანან. მეხუთე საათია, საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. სამოქმედო გეგმა უცვლელია – სადავო საკანონმდებლო ინიციატივის უკან გაწვევამდე დემონსტრანტები უწყვეტ პროტესტს აანონსებენ. აქციის მონაწილეები შეკრებილები იყვნენ პარლამენტის უკანა შესასვლელთანაც, რასაც სამართალდამცავებთან დაპირისპირება მოჰყვა. მოგვიანებით დემონსტრანტებმა ნაწილმა საკანონმდებლო ორგანოს გვერდით, ჭიჭინაძის ქუჩაზე გადაინაცვლა. პლენარულ სხდომაზე რეზონანსული ინიციატივის მუხლობრივი განხილვა ერთი საათის წინ დასრულდა. კანონპროექტი მეორე მოსმენით და 83 ხმით მიღებულია. კენჭისყრის შედეგებს პარლამენტში და შენობის გარეთ მწვავე პროტესტი მოჰყვა. შსს-ს ინფორმაციით, პარლამენტის შენობიდან ყველა დეპუტატი უკვე გაყვანილია. ცოტა ხნის წინ აქციის მონაწილეების ნაწილი თავისუფლების მოედნისკენ დაიძრა. კიდევ ერთი ნაწილი რუსთაველის გამზირზე მართავს მსვლელობას.