ოპოზიციის მცდელობის მიუხედავად, პარლამენტის პიკეტირების გეგმა დღეს ჩავარდა.
შენობის მიმართულებით დილიდან დაძრულ ოპოზიციურ პარტიებს და მათ მხარდამჭერებს საკანონმდებლო ორგანოსთან მისასვლელი ყველა ქუჩა რკინის კონსტრუქციებით ჩაკეტილი დახვდათ. ჯებირების აღმართვა პოლიციამ ძალადობის პრევენციით ახსნა. სამართალდამცავების მიერ იყო დაკავებული პარლამენტის შესასვლელებიც. აქციის მონაწილეებმა ბარიერების გარღვევა რამდენჯერმე სცადეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში ოპონენტთა შეურაცხმყოფელი შეძახილების ფონზე შევიდნენ. ხელისუფლების მოწოდებების მიუხედავად, პოლიტიკური პროცესები ისევ ქუჩაში გრძელდება. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის დაპირების შესრულებამდე აქციების რეჟიმზე გადასული ოპოზიცია პროტესტის შეწყვეტას არ აპირებს.