ხმაური იყო დღეს მარნეულში – საკარანტინო ზონაში მცხოვრებთა ნაწილი ქუჩაში გავიდა. აქციის მონაწილეთა თქმით, დაწესებული შეზღუდვებისა და რაიონის ჩაკეტვის გამო, ისინი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების მუნიციპალიტეტს გარეთ გატანასა და გაყიდვას ვეღარ ახერხებენ და შემოსავლის გარეშე არიან დარჩენილები.
პროტესტის გამო, დროებით გადაკეტილი იყო სადახლოსკენ მიმავალი სამანქანო გზა. აქციაზე იმყოფებოდნენ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ლიდერებიც. სახელმწიფო რწმუნებულმა შეკრებას დადგმული პოლიტიკური შოუ უწოდა.
ამ დროისთვის აქცია დაშლილია. ადგილობრივებმა ხელისუფლებისგან დაპირება მიიღეს, რომ მარნეულში რამდენიმე დამატებითი სადისტრიბუციო მანქანა შევა, რომლებიც მათ პროდუქტებს რაიონს გარეთ გაიტანენ და სხვადასხვა რეგიონს მოამარაგებენ.
ჩაკეტილი მუნიციპალიტეტიდან დეტალებით გვიერთდება ლიკა ალელიშვილი – რა ხდება ამ წუთებში მარნეულში და რა შეთანხმებით დაიშალნენ აქციის მონაწილეები.