ონლაინ კაზინოების კომპანია „გეიმინგ ევოლუშენის“ თანამშრომლებმა, ხელფასების გაზრდის მოთხოვნით, კომპანიის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, უკვე თვეზე მეტია კომპანიისგან კონსტრუქციული დიალოგის ფარგლებში ხელფასის მატებას ითხოვენ. მათივე ინფორმაციით, აღნიშნულის პასუხად დამსაქმებელმა სამსახურიდან გაათავისუფლა ათამდე თანამშრომელი.
დასაქმებულებმა გაფიცვა გადაწყვიტეს. მათი მოთხოვნებია ხელფასის მატება 25%-ით; გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენა; იმის გარანტია, რომ გაფიცვაში მონაწილე არც ერთი დასაქმებულის წინააღმდეგ არ იქნება გამოყენებული რაიმე სახის დისციპლინური ღონისძიება. გაფიცულ თანამშრომლებს მხარდაჭერა გაერთიანებულმა პროფკავშირებმა გამოუცხადეს. რაც შეეხება თავად კომპანიის წარმომადგენლებს, მოამბე მათ კომენტარისთვის დაუკავშირდა, თუმცა „გეიმინგ ევოლუშენის“ ხელმძღვანელობა ჯერჯერობით საკითხზე კომენტარს არ აკეთებს.