აჭარის მთავრობის შენობასთან გამართული საპროტესტო აქცია სამართალდამცველებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. ადგილზე დააკავეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რეზო ხარაზი და ასევე აქციის მონაწილე ირაკლი ჩხვირკია. აქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმა 12 საათზე ე.წ. ბუშტების პერფომანსით დაიწყეს და მთავრობის სახლზე მათ მიკვრას ცდილობდნენ, თუმცა შენობასთან ახლოს მისვლის საშუალება მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ადგილზე იმყოფებოდა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ. აქციაზე ორი პირი პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს.