გვიან ღამით დასრულდა მორიგი საპროტესტო აქცია თბილისში. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები თავდაპირველად ორ ლოკაციაზე გადანაწილდნენ, ნაწილი სასტუმრო „პარაგრაფთან“ იმყოფებოდა, ნაწილი კი ისევ საკანონმდებლო ორგანოსთან მივიდა. მოგვიანებით დემონსტრაციის მონაწილეები გაერთიანდნენ და მსვლელობით „ქართული ოცნების“ ოფისთან გადაინაცვლეს.
შეკრებილებმა კიდევ ერთხელ გაახმოვანეს მოთხოვნები: მმართველმა პარტიამ უარი თქვას და უკან გაიწვიოს სადავო კანონპროექტი და ასევე მომიტინგეებმა, აქციების მიმდინარეობისას დაკავებული პირების გათავისუფლებაც მოითხოვეს. სახელისუფლებო პარტიის ოფისიდან აქტივისტები კვლავ რუსთაველის გამზირზე დაბრუნდნენ, სადაც გვიან ღამემდე იმყოფებოდნენ.
როგორ გაგრძელდება პროტესტი, ორგანიზატორებს კონკრეტული სამოქმედო გეგმის შესახებ არ უსაუბრიათ. დააანონსეს მხოლოდ ის, რომ აქციის მონაწილეები სანთლებით ხელში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ერთად ქაშუეთის ეკლესიასთან შეხვდებიან.