გენერალური პროკურორის არჩევის პროცესში ხვალიდან პარლამენტი ჩაერთვება.
კანდიდატებთან გასაუბრება დასრულებულია. რვა კანდიდატურიდან საპროკურორო საბჭომ სამი შეარჩია. ესენი არიან გენერალური პროკურორის მოქმედი მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი, იურისტი ვიქტორ ახალბედაშვილი და დარეჯან ბუცხრიკიძე. მათგან ერთზე ხვალ საბჭო არჩევანს ფარული კენჭისყრით გააკეთებს და დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენს. კანონში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, კვორუმი შემცირებულია და გენერალური პროკურორის ასარჩევად უმრავლესობის ხმებიც საკმარისია. ირაკლი შოთაძის შემცვლელის არჩევის პროცესს ოპოზიცია ფორმალობად აცხადებს. ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ გენერალურ პროკურორად პროკურატურის მოქმედი მაღალჩინოსნის არჩევაა გადაწყვეტილი.