აშშ-ში ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატების სატელევიზიო დებატები საერთაშორისო მედიის მთავარი თემაა. „ეი-ბი-სის“ ეთერში გამართული დებატების დროს დონალდ ტრამპმა და კამალა ჰარისმა შიდა თუ გლობალურ პოლიტიკურ საკითხებზე ისაუბრეს, იყო ურთიერთბრალდებები, კამათი და ერთმანეთის პოლიტიკის მწვავე კრიტიკა. მთავარი თემები იყო რუსეთ-უკრაინის ომი, სიტუაცია ახლო აღმოსავლეთში, გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობა, მიგრაციული კრიზისი. დებატების შემდეგ ორივე კანდიდატი გამარჯვებულად აცხადებს თავს, თუმცა ამერიკული მედია დემოკრატიული პარტიის კანდიდატის უპირატესობაზე საუბრობს. კამალა ჰარისისა და დონალდ ტრამპის სატელევიზიო დუელს მილიონობით ამერიკელმა მიადევნა თვალი. 5 ნოემბრის არჩევნებამდე მეტოქეებს შორის შესაძლოა კიდევ ერთი დებატები გაიმართოს.